"გზანნი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავლენ მე"...(ფსალმ. 24:4)

среда, 7 июля 2010 г.


ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა

დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა.
ნაზარიმ დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო। 1892 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია। იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს। პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ - ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი დაინიშნა ველენსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად; 1907 წელს კი კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არიქმადრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა.
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობაში მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა: 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გაგრძელდა 1906 წელსაც. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა, საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა. ამ კრებაზე საკითხი უარყოფითად გადაწყდა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველებმა ისევ დასვეს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ კი დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.





დაკითხვის ოქმი #3

ქართველისთვის ქრისტიანობა და საქართველო განუყრელი ცნებებია. საუკუნეების განმავლობაში სამშობ-ლოსათვის ბრძოლა ქრისტიანობისთვის ბრძოლას ნიშნავდა და პირიქით. ეს კარგად იცოდა ყველა დამპყრობელმა და პირველი იერიშიც სწორედ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მოჰქონდა, რადგან თუ ქართველ კაცს წაართმევდნენ სარწმუნოებას, ეროვნულ სულსაც ადვილად ჩაუკლევდნენ. . . მოდიოდნენ ხმლით, ხიშტით, ჩექმით, მაცდური სიმდიდრით. . .

და ეცემოდა დედო–ზარები, ინგრეოდა ეკლესიები, ეწამებოდნენ და იხვრიტებოდნენ ჩვენი სულებისა და ქვეყნისთვის მლოცველი ღვთისმსახურები.

ჩვენ მოკრძალებულად შემოგთავაზებთ ქუთათელ–გაენათელი წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას დაკითხვის ერთ–ერთი ოქმის შემოკლებულ ვარიანტს.

დაკითხვის ოქმი შედგენილია 1924 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის მაზრის რწმუნებულის თანაშემწის შონიას მიერ.

დაკითხული იქნა ბრალდებული რელიგიური აგიტაციის და დაპატიმრების დროს მთავრობის წარმომადგენლის წინააღმდეგობის გაწევისათვის.

ლეჟავა ნაზარი ანდრიას ძე, 56 წლის , სასულიერო წოდებიდან, უმაღლესი განათლებით, უპარტიო, უცოლო, პასუხისგებაში ვიყავი 1923 წელს, ვითომც ბოროტმოქმედების მიზნით საეკლესიო ნივთების შენახვის ნიადაგზე, მცხოვრები ქალაქ ქუთაისში.

აჩვენა შემდეგი: ამა წლის 2 აგვისტოს როდინოულის რელიგიოზური საზოგადოების წევრთა თხოვნით, მე, ქუთაისის მიტროპოლიტი ნაზარი, ჩემის კრებულით, რომლის მონაწილეობით მე მუდამ ვასრულებ ღვთის მსახურებას, შუადღის მატარებლით გავემგზავრე სვირის სადგურისაკენ სოფელ როდინოულში, როდინოულის ეკლესიის საკურთხევლად და მასში ლიტურგიის შესასრულებლად. იქ, სოფლის სამრევლო საბჭოს წევრმა გრიგოლ ჩუბინიძემ დამაბინავა საღამოს 6 საათზე – ვინმე მათე ჩუბინიძის სახლში, სადაც მიმიჩინეს და შემიყვანეს ერთ სულ პატარა ოთახში. ცოტა ხნის დასვენების შემდეგ დაირეკა ტაძრის ზარი და მე წავედი ეკლესიაში მწუხრის და ცისკრის მოსასმენად, რომლის დამთავრების შემდეგ, მე, ჩემს კრებულს და ზოგიერთ ადგილობრივ საბჭოს მიერ მოწვეულ მღვდლებს გვაჭამეს ვახშამი. ვილოცეთ დაწოლის წინ და შემდეგ, რადგანაც დაღლილი ვიყავი, დავიძინე. ღამის 12 საათზე, როდესაც მე შუა ძილში ვიყავი, შემოიჭრა რევოლვერებით 2 ახალგაზრდა თეთრი ბლუზონებით: ადექი ჩქარა, უნდა დაგიჭიროთ და წაგიყვანოთო!

მე მივმართე მათ: „მაჩვენეთ ორდერი, რომლის ძალით თქვენ გინდათ ჩემი დაპატიმრება–თქო“. „ჩვენ ორდერი არ გვაქვს და არც საჭიროა. და თუ ნებით არ წამოხვალ, ჩვენ ძალით, კისრისცემით წაგათრევითო“. მე ვუთხარი: „შეგიძლიათ მომკლათ, მაგრამ, ვიდრე თქვენ არ მომიტანთ ორდერს, ჩემი დაპატიმრების შესახებ, არ წამოგყვებით–მეთქი“. მე კვლავ წავედი დასაძინებლად, ისინი არ შემომყოლიან. 2 საათის შემდეგ კიდევ უფრო მეტი რიცხვი შეიარაღებული ახალგაზრდებისა შემოიჭრნენ ჩემს პატარა ოთახში. ზალაში პოლზე წამაქციეს, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, როდესაც მათ მიჩვენეს ჩემი დაჭერის ორდერი, ამის შემდეგ კისრისცემით ზალიდან გამაგდეს, დამესივნენ, ხელ–ფეხი შემიკრეს ბაწრებით და წამიყვანეს ღამეში ურმით.

გზაში დამცინოდნენ, მაგინებდნენ ყოველგვარ სახით, ყოველგვარ სიტყვით, რომელიც მე, მვდელთმთავარს, მიმაჩნია შეუძლებლად, გავიმეორო თქვენს წინაშე. საათ‐ნახევრის სიარულის შემდეგ მიმიყვანეს ერთ სახლში, რომელიც ბოლოს აღმასკომის სახლი აღმოჩნდა. მგზავრობის დროს გაწვიმდა. 20 წუთი აღმასკომის სახლის წინ ურემზე დაკრული ვიყავი. თვით იქ მყოფი მწუხარებას გამოხატავდნენ: „ასეთი უღმერთობა განა შეიძლებაო?“ ამის შემდეგ შემაგდეს ერთ პატარა ოთახში, ადგილობრივ ჩეკის სატუსაღოში, რომლის კვადრატი იქნებოდა არა უმეტეს 4 არშინისა, სადაც დამხვდა ყველა დაპატიმრებული მღვდლები. ასე ვიყავით მეორე დღის საღამომდის, სანამ სვირის საბჭოს თავჯდომარე მანჯგალაძემ და მისმა თანაშემწე ჯუღელმა, არ მოახდინეს გამოკითხვა.

ჯუღელი, რომლის განკარგულებით მოხდა ჩემი წამება, თამაშობდა გამომძიებლის როლს, თავმჯდომარე კი – საქმის მწარმოებლის როლს. და ის ჯუღელი, როგორც დაინტერესებული პირი, თავისი უწმაწური სიტყვებით კვლავ განაგრძნობდა ჩემს შეურაცხყოფას სარწმუნოების ნიადაგზე, რაც მეტად მაღელვებდა.

მეორე დღეს, როდესაც ჩემი ჩვენება თეთრად გადაწერილი მომიტანა ხელის მოსაწერად საბჭოს თავჯდომარე მანჯგალაძემ მითხრა: თქვენ, რასაკვირველია, სრულიად უდანაშაულო ხართ, ეს გაუგებრობაა და, თუ არის დანაშაული, ეს არის ადგილოპბრივი რელიგიოზური საზოგადოების წარმომადგენლის დანაშაული. ამას არ შემიძლია არ დაუმატო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც, სხვათა შორის, ახასიათებს ადგილობრივ სვირის მთავრობას, თუ რამდენად მათ სწყუროდათ ჩვენი, სასულიერო პირთა, ტანჯვა–წამება. როდესაც წამოგვიყვანეს სადგურისაკენ, მახსოვს მილიციონერებს ჩვენ მივყავდით არა ქალაქით, არამედ მოკლე გზით, არათვალსაჩინოდ, მაგრამ მათ უბრძანეს ჩემი მღვდლები და მე, მიტროპოლიტი, გავეტარებინეთ ქალაქის დუქნებით, რომ ხალხს დაენახა, თუ როგორ სასტიკად გვეპყრობოდნენ ჩვენ.

აქვე დავსძენ, რომ, როდესაც შედგენილი ოქმი, თეთრად გადაწერილი ,მომცა ხელმოსაწერად საბჭოს თავჯდომარე მანჯგალაძემ, მაშინ მეორე მაგიდაზე მჯდომარე მისმა თანაშემწე ჯუღელმა მითხრა: „ თქვენ ახლა, რასაკვირველია, გვიჩივლებთ, მაგრამ ჩვენ ეკლესიის მტერი ვართ, მთავრობა ჩვენია და ის ჩვენ არ გაგვამტყუნებს“. მე ვუპასუხე: „როდესაც დაბალი მოხელე გადააჭარბებს და საბჭოს ხელისუფლებისათვის სამარცხვინო მოქმედებას ჩაიდენს, მე დარწმუნებული ვარ, ის მას არ აპატიებს და აწი მომავალი გვიჩვენებს.

ჩუბინიძის სახლში ვახშმობის დროს არავითარი მთავრობის შესახებ ლაოპარაკი არ ყოფილა. რაც შეეხება „ჭუჭყიანი ხელის“ შესახებ, ამნაირად იყო გამოწვეული ამ სიტყვების ხმარება. ერთ მილიციონერთაგანი ამბობდა: „ამ ჩემი ხელით დავწიწკნი ამასო“ და ხელს კისერში და სახეში მიახლოვებდა, მას კი მართლა ხელი ჰქონდა დასვრილი ტალახით. „გასწი იქით მაგ შენი ჭუჭყიანი ხელი–თქო“ – უთხარი მე.

რაც შეეხება, საერთოდ, მთავრობის შესახებ საწინააღმდეგო სიტყვები მე, არავითარი არ მიხმარია და არც თქმულა.

დაპატიმრებულები სულ 11 კაცი თანდართული ოქმებით გადაეგზავნენ ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს. მათ, რომლებიც განსაკუთრებით საშიშნი იყვნენ, რომლებმაც არ უარყვეს მღვდელთმსახურება, ქუთაისის პოლიტბიუროს საგანგებო სამეულის სხდომის, 1924 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახრეტა

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მიტროპოლიტ ნაზარისა და მასთან ერთად დაპატიმრებულ სასულიერო პირებს არათუ სიკვდილით დასჯა, არამედ ხანგრძლივი პატიმრობაც არ შეიძლებოდა შეფარდებოდათ.

1994 წელს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდმა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილი მიტროპოლიტი ნაზარი წმიდათა დასში შერაცხა – წმიდა მღვდელმოწამე ნაზარის სახელწოდებით.